აფხაზეთი გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში

ავტორები

  • ნესტან სულავა

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.36

საკვანძო სიტყვები:

აფხაზეთი, ქართული ჰაგიოგრაფია,, გიორგი მერჩულე, წმ. გრიგოლ ხანცთელი

ანოტაცია

ქართულმა ჰაგიოგრაფიამ ასახა საქართველოს სხვა­და­ს­ხვა კუთხის, სამეფოს, სამთავროს პოლიტიკურ-სოციალური, იდეოლოგიური და კულტურულ-ისტორიული ვითარება, რომელსაც გარკვეული გეოგ­რა­ფი­უ­ლი სივრცის ფიზიკური მდგომარეობისა და სიმბოლური გააზრების კონტექ­ს­ტიც აქვს. ამ თხზულებათა სამოქმედო არეალია ქართლი, კახეთი, სამხრეთ სა­ქართველო, დასავლეთ საქართველო; თითოეული მათგანი სხვადასხვა ის­ტო­რიულ ეპოქაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება. აფხაზეთის ასახვა ქა­რ­თულ ჰაგიოგრაფიაში ის პრობლემაა, რომელიც მოიცავს აფხაზეთის, როგორც VIII-X საუკუნეების დასავლეთ საქართველოს, პოლიტიკურ-იდეოლოგიური და კულტურული ფონის საფუძველზე აქ მიმდინარე მოქმედებებისა და მოვ­ლე­ნე­ბის ჩვენებას, შესაბამისად, იმ წმინდანთა სახეების წარმოჩენას, რომლებიც ან აფხაზეთის//დასავლეთ საქართველოს მკვიდრნი არიან, ან მას უკავ­ში­რ­დე­ბიან. IV-X საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებებიდან ამ თვა­ლ­საზრისით გამოიყოფა შემდეგი თხზულებები: იოვანე საბანის ძის „წმ. აბო ტფილელის წამება“, გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება“, წმ. გიორგი მთაწმინდელის „წმ. იოვანესა და წმ. ეფთვიმეს ცხოვრება“, გიო­რ­გი მცირის „წმ. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“, რომლებშიც მთავარი პერ­სო­ნაჟების სამოღვაწეო არეალი აფხაზეთსაც სწვდება. აქვეა განსახილველი „დავითისა და კონსტანტინეს წამების“ XII საუკუნეში შექმნილი მეტაფრასული და სვინაქსარული რედაქციები,რომლებშიც მოქმედების გეოგრაფიული არეა­ლი აფხაზეთია და დროის თვალსაზრისით იგი VIII საუკუნის ამბებს ასახავს. მოხსენებაში გამოვყავით გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიული თხზუ­ლე­ბა, რომელიც წმ. გრიგოლ ხანცთელის მოღვაწეობის ეპოქის პოლიტიკურ-იდეო­ლო­გიურ, სასულიერო-საეკლესიო, სოციალურ, კულტურულ ვითარებას წა­რ­მო­აჩენს.

ამ დროს აფხაზეთი ჯერ კიდევ ბიზანტიის პოლიტიკურ გავლენას გა­ნი­ცდის, მაგრამ იგი რელიგიურ-ეკლესიურად არ იზიარებს ბიზანტიაში მიმ-დი­ნარე რელიგიურ ბრძოლებს, ბიზანტიის იმპერიაში გავრცელებულ ხატმე­ბ­რძოლობის ერესს და რჩება ხატთაყვანისმცემელ ეპარქიად.

გიორგი მერჩულის თხზულების წმინდან პერსონაჟთა სამოღვაწეო არეა­ლი აფხაზეთიცაა, რომელიც პოლიტიკურ-კულტურულ სივრცეს წარ­მო­ა­დ­გენს, როგორც „ყოველი ქართლის“ განუყოფელი ნაწილი, რომელთანაც სა­ე­რთო აქვს სახელმწიფო ენა და სარწმუნოება მამულთან, ტერიტორიასთან ერ­თად. გიორგი მერჩულის მიერ გამოთქმული თვალსაზრისი - „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძუ­ლად ითქუმის, რომელ არს ქართულად „უფალო, წყალობა ყავ“, გინათუ „უფალო, შეგჳწყალენ“ (ძეგლები, 1963/1964: 290) - სწვდება და გულისხმობს აფხაზეთსაც, როგორც „ყოველი ქართლის“ სრულუფლებიან ნაწილს და წევრს. „ლოცვაჲ ყოველი“ სრული ლიტურგიული პროცესია და იგი ქართულ ენა­ზე სრულდება „ყოველი ქართლის“ ტერიტორიაზე, ხოლო  „კჳრიე­ლე­ჲ­სო­ნი“ ბერძნულად თქმა, ქართულად „უფალო, წყალობა ყავ“, ან „უფალო, შე­გჳწყალენ“ ქართულ ეკლესიას აერთიანებს მთელ მართლამადიდებლურ სა­მყა­როსთან, რითაც მყარდება ეკლესიათა ერთობა, უნია. 

ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ჟანრული სპეციფიკიდან გამომ­დი­ნა­რე, თხზულებაში აფხაზეთის თემა წამყვანი არაა და ვერც იქნებოდა, რადგან ჰაგიოგრაფიის მიზანი წმინდანის ხატ-სახის ჩვენებაა. პოლიტიკურ-იდეო­ლო­გი­ური, სოციალური, კულტურული ფონი ჰაგიოგრაფს სჭირდება წმინდანის სა­ხის უკეთ წარმოსასახავად, მაგრამ რეალურად გვიჩვენებს იმ ვითარებასაც, რომელშიც უწევს მას ცხოვრება, მოღვაწეობა, მოწამებრივი აღსასრული. ამი­ტომ არის მნიშვნელოვანი ჰაგიოგრაფიაში გადმოცემული ისტორიული ფაქ­ტე­ბი და ისტორიული გეოგრაფიული არეალი, რადგან ამ მოვლენებისა და სი­ვრცის ასახვით ჰაგიოგრაფია საუკეთესო ისტორიულ წყაროდ გვევლინება, მით უმეტეს, რომ წმ. გრიგოლ ხანცთელის თანამედროვე საქართველოს ვი­თა­­რების ამსახველი საისტორიო თხზულებები, თანამედროვეთა მიერ აღ­წე­რი­ლი, არ შემოგვრჩა, მათ შესახებ გვიანდელი ისტორიკოსები მოგვი­თ­ხ­რობენ.

წყაროები

კეკელიძე (1960). კორნელი კეკელიძე. ქართული ლიტერატურის ისტორია. I. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი;

სილოგავა (2009). ვალერი სილოგავა. „ქუთაისის საყდრის“ ანტეფიქსი და მი¬სი წარწერა, ჟურნალი „გულანი“, 3 (7);

სირაძე (1987). რევაზ სირაძე. ქართული აგიოგრაფია. გამომცემლობა „ნა¬კა¬დუ¬ლი“ თბილისი;

ძეგლები (2020). ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. I. დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ლ. ათანელიშვილმა, ნ. გო¬გუ¬აძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ და ც. ჯღამაიამ, ილია აბულაძის ხე¬ლ¬მძღვანელობითა და რედაქციით. გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-15

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა