1919 წლის საქართველო-აზერბაიჯანის კოლექტიური უსაფრთხოებისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, როგორც საქართველოს კავკასიური ინტეგრაციის მცდელობა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.03საკვანძო სიტყვები:
ომი, კავკასია, საქართველო, აზერბაიჯანი, კონფერენციაანოტაცია
1918 წლის მაისში კავკასიაში ოთხი სუვერენული სახელმწიფო წარმოიქმნა. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და მთიელთა რესპუბლიკა. მათ საკმაოდ რთული ოპერატიული ვითარებები ჩაიბარეს: მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ეკონომიკა, დაუზუსტებელი სახელმწიფო საზღვრები, სხვადასხვა საგარეო ორიენტაცია... მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც ჩვენმა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, საქართველომ კონსოლიდაციის გზა აირჩია. დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდში თბილისში ჩატარებული კონფერენციებიდან 1919 წლის შეხვედრა იყო გამორჩეული იმით, რომ მასში მონაწილეობდა კავკასიის ოთხივე სახელმწიფო.
საკითხის გარშემო, დღევანდელი მდგომარეობით სამეცნიერო ლიტერატურა არც ისე დიდია. გამომდინარე იქედან, რომ კვლევის ამ ეტაპისთვის მეტწილად ემპირიული მეთოდოლოგიით შემოვიფარგლეთ, ჩვენს ნაშრომში არ გვქონია თითოეული ფაქტის დეტალური ანალიზის მცდელობა. თუმცა, გარკვეულწილად მაინცაა გამოთქმული საკუთარი შეფასებითი მოსაზრებები. ამასთანავე წარმოდგენილი გვაქვს გარკვეული სამეცნიერო სიახლეები.
ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად რას შეიძლებოდა შთაეგონებინა ქართული მხარისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე ფიქრი? - ჩვენი აზრით, ,,სამთა კავშირის“ და ,,ანტანტის“ გამოცდილებას. 1914-1918 წლებში საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრები ძირითადად ევროპის ქვეყნებში მოღვაწეობდნენ და კარგად აცნობიერებდნენ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების მნიშვნელობას. 1919 წელს ხელმოწერილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან მალე დაღესტანში საერთაშორისო კავკასიური კოალიცია გაიგზავნა. კოალიციის მეთაური პოლკოვნიკი კერესელიძე დაღესტნელებმა დანიშნეს თავიანთ ქვეყანაში თავმოყრილი ყველა ეროვნების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. კოალიციამ ქართველთა ხელმძღვანელობით წარმატებით იბრძოლა დენიკინის არმიის წინააღმდეგ და დროებით მაინც შეძლო დაეცვა პარტნიორი კავკასიური სახელმწიფო - მთიელთა რესპუბლიკა ოკუპაციისაგან. 1919 წელს დაწყებული ინტეგრაციის კიდევ ერთ შედეგს წარმოადგენდა 1920 წლის მორიგი კონფერენცია და საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ამიერკავკასიის საბჭოს“ შექმნა. ეს პროცესები ცალსახად შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც ქარცეცხლით აღსავსე დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდისათვის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი.
წყაროები
ავალიშვილი (1929): ავალიშვილი ზურაბ, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტფილისი;
ბახტაძე, მამულია (2005): ბახტაძე მიხეილ, მამულია გიორგი, მასალები საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ურთიერთობის ისტორიიდან (1917-1921 წლები), თბილისი;
ბახტაძე (2011): ბახტაძე მიხეილ, საქართველო-აზერბაიჯანის 1919 წლის 16 ივნისის ხელშეკრულება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, I. თბილისი;
კვიციანი (2010): კვიციანი ჯონი, კავკასია და კავკასიელები, თბილისი;
კილაძე (2007): კილაძე სიმონ, გაიგზავნოს თვითმფრინავები მთიელთა დასახმარებლად, ჟურნალი ,,არსენალი,“ N7;
კილაძე (1997): კილაძე სიმონ, ინტეგრაციის პერიოდები და ფორმები კავკასიის რეგიონში, გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა,“ N164;
მამულია, ასტამაძე (2019): მამულია გიორგი, ასტამაძე გიორგი, საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918, დოკუმენტები და მასალები, თბილისი;
ჟორდანია (2018): საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები. ტ. XIII. ნოე ჟორდანია, თბილისი;
საქართველოს რესპუბლიკა, 23 მაისი: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. 1919 წ. 23 მაისი;
საქართველოს რესპუბლიკა, 12 ივნისი: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. 1919 წ. 12 ივნისი.
ჯანელიძე (2018): ჯანელიძე ოთარ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბილისი.